მარტვილის სამონასტრო კომპლექსის ისტორია
მე -7 საუკუნეში აშენდა მარტვილ - ჭყონდიდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება. მე-10 საუკუნეში ეს ტაძარი ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდათ.
მე-10 საუკუნეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი-ქართველი ჰიმნოგრაფი. ტაძარი ძლიერი საგანმანათებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. ,,ქართლის ცხოვრების” ცნობით ბაგრატ მეოთხე მარტვილის მონასტერშა დაკრძალული. მარტვილის მონასტერში იყო კრისპერია-გადამწერ ბერთა სამყოფო. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ნაწარმოებები. მარტვილში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სტეფანე სისანოს ძე ჭყონდიდელი მე-10 საუკუნეში, გიორგი ჭყონდიდელი მე-11 საუკუნეში, იოანე ჭყონდიდელი მე-11 საუკუნეში, სვიმონ ჭყონდიდელი მე-12 საუკუნეში, ანტონ ჭყონდიდელი თამარის თანამედროვე, მანვე თარგმნა წიგნი სააქიმიო, არსენ ჭყონდიდელი მე-13 საუკუნეში, ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი-ფილოსოფოსი, რომანოზ მესვეტე მე-19 საუკუნეში და მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავე გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ,,თანაგამკაფელი ყოველთა გზათა” იყო.
მარტვილის სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც მთელი იმერეთ-სამეგრელო ხელის გულზე მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. თავი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ისე სასტიკად დააზიანა ტაძარი, რომ იგი მე-10 საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა აღადგინა. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს, მოუშენეს ეკვდერები, მხოლოდ აღმოსავლეთშია შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16 და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი-ხელოვნების უბადლო ნიმუში. მთავარი ტაძრიდან ჩრდილოეთით, გალავანზე დგას ღლილი ქვებით ნეგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, ,,ჩიქვანებისად” წოდებული. ეკლესია სამსართულოვანია. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: ,,სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს, რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში”
დასავლეთით მთავარ ტაძართან ახლოს დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეტის ეკლესია-ოთახია. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.
მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ მამათა ლავრა მოქმედებდა, შემდგომ წლებში იძულებითი უმოქმედობა სუფევდა მონასტერში, 1998 წლიდან საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მარტვილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრირქო რეზიდენცია, დაარსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზონთა ცხოვრება. მონასტრები ამჟამადაც მშენებარე პროცესშია.
მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).
No comments:
Post a Comment